დანართი # 2.3

ტელეკომპანია GDS TV-ში  უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების სახელმძღვანელო წესები

პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ტელეკომპანია GDS TV-ის ეთერში განთავსება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ შორის:

 

ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების ( https://matsne.gov.ge/ka/document/view/3323417#DOCUMENT:1 ) შესაბამისად „საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის”.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დროის ოდენობა დამოკიდებულია შესაბამისი მომენტისთვის მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების მოთხოვნების რაოდენობაზე (მაგალითად, თუ მაუწყებელს შესაბამისი მომენტისთვის მიღებული აქვს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ ერთი მოთხოვნა აღნიშნული კვალიფიციური პარტიისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 3 საათში არაუმეტეს 90 წამს, ხოლო თუ შესაბამისი მომენტისთვის მომართვის რაოდენობა შეადგენს 11 -ს თითოეული კვალიფიციური სუბიექტისთვის გამოყოფილი დრო განისაზღვრება ყოველ სამ საათში 41 წამით (7,5 წთ * 60 = 450 წმ. 450 წმ : 11 სუბიექტი = 40,9 წმ).

 

    ტელეკომპანია GDS TV-ის სამაუწყებლო ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება დაიწყება არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან.

 

რეკომენდაცია: საარჩევნო კამპანიის დროს GDS TV უფასოდ განათავსებს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ წინასაარჩევნო რეკლამას კანონით დადგენილი ოდენობით და არადისკრიმინაციულად ამასთან ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს დაეთმობა თანაბარი  დრო, შესაბამისად გართულებების თავიდან აცილების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია უფასო პოლიტიკური სარეკლამო დროით სარგებლობის მოთხოვნით GDS TV-ის მიმართოს ყველა (სულ 11) კვალიფიციურმა სუბიექტმა, იმისთვის, რომ დაკმაყოფილებულ იქნას საკანონმდებლო მოთხოვნები და რომ არ მოხდეს ერთის მხრივ, კანონით დადგენილი ლიმიტის შეუსრულებლობა და მეორეს მხრივ დადგენილი ლიმიტის გადაჭარბება, წარმოდგენილი წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის ან/და რგოლების ჯამური ქრონომეტრაჟი სასურველია (ერთობლივად ან ცალცალკე) იყოს 41 - ის ჯერადი;

საქართველოს საარჩევნო კოდექსის (https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168) 51 - ე მუხლის 62 პუნქტის თანახმად, „უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას“. შესაბამისად მომართვა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე უნდა იქნას განხორციელებული რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე. მომართვა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

რეკომენდაცია: ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული კვალიფიციური სუბიექტისთვის გამოყოფილი დრო (არაუმეტეს 90 წამისა) დამოკიდებულია იმ მომენტისთვის არსებული მომართვების რაოდენობაზე, რის გამოც სავარაუდოდ ადგილი ექნება ხშირ ცვლილებებს, იმისთვის, რომ მაუწყებელმა სწორად დაგეგმოს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ბადე, სასურველია სრულყოფილი მომართვა, სადაც მათ შორის მითითებული იქნება სარეკლამო რგოლის(ების) ქრონომეტრაჟი, განხორციელდეს რეკლამის ეთერში განთავსების სასურველ დრომდე ერთი კვირით ადრე.

სარეკლამო რგოლი რომლის ქრონომეტრაჟი აღემატება 90 წამს, ან/და კონკრტული მომენტისთვის თითოეული კვალიფიციური სუბიექტისთვის კანონის შესაბამისად გამოყოფილ დროს, უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით არ განთავსდება; 

პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამის კადრის კუთხეში უნდა  იყოს წარწერა „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი;

პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაში უნდა იყოს ნაჩვენები საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი;

იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში.

უნდა იყოს დაცული სხვა საკანონმდებლო (კანონი და კანონქვემდებარე აქტი) მოთხოვნები, მათ შორის საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.

 

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (მათ შორის ზემოთხსენებული მოთხოვნები) შეუსრულებლობის შემთხვევაში, წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი ეთერში არ განთავსდება.

 

GDS TV-ის მიერ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად განიხილება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სუბიექტები  http://www.cesko.ge/uploads/other/29/29500.pdf

 

გარდა ზემოთხსენებული საკანონმდებლო მოთხოვნებისა, იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენს სამუწყებლო ეთერში სარეკლამო მასალის განთავსება, აუცილებელია, რომ წარმოდგენილი სარეკლამო მასალა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს: მასლა უნდა იყოს CD ან DVD დისკზე ჩანაწერით TGA და AVI (დუბლირებული) ფორმატებით არადაარქივებული სახით 1920X1080 pix, ხმა ფორმატით wav 4800 Hz, 25 bit, stereo.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ: s.sharabidze@gdstv.ge